საქართველოში არსებული თორმეტივე იუსტიციის სახლი, გასული კვირის განმავლობაში სამოციათასამდე მოქალაქეს მოემსახურა. იუსტიციის სახლის ხარისხის მართვის სამსახურის ინფორმაციით, 4-7 მარტის შუალედში მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურება 31 324-მა მომხმარებელმა მიიღო.
ხარისხის მართვის სამსახურის ცნობით, საქართვცელოს იუსტიციის სახლები დღეში საშუალოდ თხუთმეტიათასამდე მომხმარებელს ემსახურებოდა, მომსახურების საშულო დროის მაჩვენებელი კი საშუალოდ 5 წუთს შეადგენდა.
"გასულ კვირაში იუსტიციის სახლებში დღეში საშუალოდ 14 428 მომხმარებელი მოდიოდა, ჯამში კი კვირის განმავლობაში იუსტიციის სახლები 57 712 მომხმარებელს მოემსახურა. მომხმარებელთა 81 პროცენტს სასურველი სერვისის მისაღებად 5 წუთზე ნაკლები ლოდინი მოუწია. 9:00-დან 11:00 საათამდე და 16:00-დან 18:00 საათამდე მოსულმა მომხმარებლებმა კი სასურველი სერვისის მიღება მყისიერად შეძლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ნაკადების მატება დაფიქსირდა თბილისის იუსტიციის სახლში და გასულ კვირასთან შედარებით დღეში მოსული მომხმარებლების რაოდენობა საშუალოდ სამასით გაიზარდა", - განაცხადა იუსტიციის სახლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ნატალია გაბინაშვილმა.
მისივე თქმით, მომსახურების ხარისხის კონტროლს როგორც თბილისში, ისე ფილიალებში გასაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამის გამო, იუსტიციის სახლის მომხმარებელს ნებისმიერი სახის მომსახურების მიღება კვალიფიციური პერსონალის დახმარებით უმოკლეს დროში შეუძლია.