საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე 11-15 მარტს ოფიციალურ ვიზიტად ლატვიასა და ლიტვას ეწვევა.
პარლამენტის ინფორმაციით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ვიზიტი ორგანიზებულია გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.
ოფიციალური ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ლატვიისა და ლიტვის გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვევა შესაბამის სამინისტროებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს.
"2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ წარადგინა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების რეფორმირების ამბიციური გეგმა. რეფორმის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მმართველობის სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების გაძლიერება. საქართველოს მთავრობის პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების უფლებამოსილებები და რესურსები.
რეფორმის ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეძლეს დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემისა და რეგიონული განვითარების ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება", - ნათქვამია პრესრელიზში.