საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 2020 წელს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟაკ როგისგან საპასუხო წერილი მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიდან (სეოკ) აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბრის სესიაზე მიიღებენ. ოლიმპიური კომიტეტი ჟაკ როგის წერილსაც ავრცელებს.
"დამატებითი ინფორმაციის სახით გვსურს მოგახსენოთ, რომ სოკ-ი რეგულარულად სწავლობს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანილ სპორტის სახეობებს, რათა საჭირო დონეზე დავაბალანსოთ თამაშების მიმართ გამოვლენილი ინტერესი და აქტუალურობა. იზოლირებულად არც ერთი სახეობა არ განიხილება. სოკ-ის აღმასკომის წინაშე დადგა ამოცანა, რათა მრავალმხრივ ფაქტორებზე დაყრდნობით რეკომენდაცია გაეწია სპორტის 25 წამყვანი სახეობისთვის. მაგალითად, მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის შემუშავება სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებს შორის; საბრძოლო და სხვა სახეობებს შორის და ზოგადად, ობიექტურ საზომებზე დამყარებულ სახეობებსა და მსაჯობაზე დაფუძნებულ სახეობებს შორის. ეს არასოდეს ყოფილა ადვილი გადასაწყვეტი. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 25 წამყვანი სახეობის რეკომენდირებით სოკ-ის აღმასკომის წევრებმა ერთობლივი მოსაზრება წარმოადგინეს, რომელიც სპორტის ცალკეულ სახეობებში მათი, როგორც სპორტსმენების, ადმინისტრატორებისა და ოლიმპიელების მიერ წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. მართალია, ჭიდაობას მთელი რიგი ძლიერი მხარეები გააჩნია, მაგრამ ისტორია მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ასევე უნდა ვაღიაროთ აუცილებელი ცვლილებების საჭიროებაც. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ აღმასკომის რეკომენდაცია არ წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას. ჭიდაობა, სპორტის დანარჩენ შვიდ სახეობასთან ერთად, შეეცდება დაიმკვიდროს ადგილი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს მაისში სანკტ-პეტერბურგში, სოკ-ის აღმასკომის სხდომაზე დაგეგმილ პრეზენტაციას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სრული შემადგენლობით მიიღებს საბოლოო ადაწყვეტილებას, როდესაც მისი წევრები სექტემბერში სოკ-ის სესიაზე შეიკრიბებიან", - ნათქვამია ჟაკ როგის წერილში.
14 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი სპორტული შეჯიბრი, ოლიმპიური სახეობების რიგში დარჩება.