საქართველოს მთავრობა დღე-დღეზე ქვეყნის მიგრაციის სტრატეგიას დაამტკიცებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მეექვსე რიგგარეშე სხდომის დაწყების წინ განუცხადა, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.
წულუკიანის განმარტებით, საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის სტრატეგია აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
"საქართველოს უნდა ჰქონდეს მიგრაციის პოლიტიკის სტრატეგია და ამ სტრატეგიის შემუშავებაში ძირითადად სამი სტრუქტურა მონაწილეობს, ესენია იუსტიციის, შს სამინისტროები და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დღეს კიდევ ერთხელ ვიკრიბებით იმისთვის, რომ განვიხილოთ მომავალი წლების სამოქმედო გეგმა, წარმოვადგინოთ გაწეული საქმიანობის ანგარიში და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ მთავრობა დღე დღეზე დაამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მიგრაციის სტრატეგიას, რომელზეც ჩვენთან ერთად ევროკავშირი მუშაობდა", - განაცხადა თეა წულკიანმა. მისივე
განმარტებით, საქართველოს მიგრაციის სტრატეგია როგორც ეროვნულ ინტერესებზე, ისე ევროპულ სტანდარტებზე უნდა იყოს მორგებული.
"ჩვენ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ იმისთვის რომ წარმატებით დავასრულოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები", - აღნიშნა წულუკიანმა.
"ქორთიარდ მარიოტში" მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მეექვსე რიგგარეშე სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც საქართველოში მიგრაციის სფეროში საქმიანობენ. შეხვედრა კომისიის შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი სამდივნოს მიერ არის ორგანიზებული.