საქართველოს მხრიდან "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტების მეორე ჯგუფის მიღების კუთხით არავითარი პრობლემა და შეფერხება არ არსებობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველო ელოდება საბოლოო პასუხს, როდის გამოაგზავნის "როსპოტრებნადზორი" თავის დელეგაციას.
"მათი გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა დელეგაცია, საქართველო მზად არის მათი მიღებისთვის",-აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
დღეს, რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ომიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს არ დაუდასტურებია მზადყოფნა, მიიღოს "როსპოტრებნადზორის" ექსპერტების მეორე ჯგუფი.
"ჩვენ ვამზადებთ ინსპექციის მეორე ჯგუფს. უკვე განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ჩავიდეთ საქართველოში 25 მარტს, თუმცა ქართული მხარისგან პასუხი არ გვაქვს. არ ყოფილა არავითარი სიგნალი. ჩვენ უნდა შევათანხმოთ გადაადგილების მარშრუტი. ამ საკითხს ყველა კუთხით ვუდგებით, მათ შორის ჩვენი ხალხის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც",- აღნიშნა ონიშენკომ.
"როსპოტრებნადზორის" ექსპერტების პირველმა ჯგუფმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირება 25 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით განახორციელა. შედეგად, ღვინის მწარმოებელ 36 კომპანიას და მინერალური წყლების 4 საწარმოს, რომელთაც ინსპექტირება წარმატებით გაიარეს, შეუძლიათ წარადგინონ ნიმუშები რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციისთვის.