ლადო გურგენიძე

ლადო გურგენიძე "ლიბერთი ბანკის" აქციების გაყიდვას კიდევ ერთხელ უარყოფს

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე ბანკის აქციების საკუთარი წილის გასხვისებას კიდევ ერთხელ უარყოფს , - ამის შესახებ გურგენიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს. 

მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია ახლახან ერთ-ერთ ინგლისურენოვან ქართულ გაზეთში გავრცელდა.

"მე არ გამიყიდია და არც ვაპირებ, გავყიდო "ლიბერთი ბანკში" ჩემი აქციების წილი. პირიქით, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მე შევიძინე ასეულობით ათასი ლარის ღირებულების ბანკის პრივილეგირებული აქციები და გავზარდე ჩემი სააქციო წილი ბანკში. მე ვაპირებ, გავაგრძელო ბანკის ხელმძღვანელობა სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამაყი ვარ იმით, რისი მიღწევაც ბანკის გუნდმა გასული 3 წელიწად-ნახევრის მანძილზე შეძლო", - აცხადებს გურგენიძე.

რამდენიმე ქართული ბანკის გასხვისებასთან დაკავშირებით პირველად განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "ლიბერთი ბანკი" რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა" იყიდა, კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებული "ალფა ბანკი" კი "თიბისი" ბანკს ყიდულობს".

პრეზიდენტის ეს განცხადება ქართული ბანკების წარმომადგენლებმა იმავე დღეს უარყვეს. ამ თემაზე განცხადება საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ლიბერთი ბანკისა" და "თიბისი ბანკის" წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.