გოგი ჩართოლანი:    გიორგი მელაძემ საზმაუწყებლის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა

გოგი ჩართოლანი: გიორგი მელაძემ საზმაუწყებლის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი სამეურვეო საბჭოს წევრის გიორგი მელაძის განცხადებას აღმაშფოთებელს უწოდებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზმაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოგა ჩართოლანმა განაცხადა, მელაძემ მაუწყებლის თანამშრომლებს სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა.

"მელაძე 500-ზე მეტ ადამიანს ბრალს სდებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურად მართული, რაც მიუღებელია, სამეურვეო საბჭო ცუდ თამაშს უცხადებს კოლექტივის დიდ ნაწილს", - აცხადებს ჩართოლანი.

საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, დოდო შონავას აზრით, მელაძის განცხადება იყო ბოლო უსუსური მცდელობა, რომ მაუწყებლის თანამშრომლები პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინონ.

შონავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიმართვის ტექსტიც წაიკითხა, სადაც მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი სამეთვალყურეო საბჭის უნდობლობას უცხადებს. მისივე თქმით, ეს მიმართვა გადაეგზავნება დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გიორგი მელაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროცესები, რაც საზმაუწყებლის გარშემო მიმდინარეობს, თინა ხიდაშელმა დაიწყო არჩევნების შემდეგ, სოციალური ქსელებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიმოწერით.

"თინა ხიდაშელი პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებრივ ორგანზიციების წარმომადგენლებს, აეგდოთ ბურთი და შემდეგ ისინი გააგრძელებდნენ მოედანზე თამაშს. ეს თამაში მიმდინარეობს დავით უსუფაშვილის დირიჟორობით", - აღნიშნა გიორგი მელაძემ.

მელაძის განცხადებით, დავით უსუფაშვილმა მოუწოდა ტელევიზიის თანამშრომლებს, შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი ხელმოწერები და ამას ადასტურებენ ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან შეხვედრაზე.