საია პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე არასამთავრობოების რეკომენდაციების გაზიარების შესაძლებლობას მიესალმება

საია პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე არასამთავრობოების რეკომენდაციების გაზიარების შესაძლებლობას მიესალმება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არასამთავრობოების რეკომენდაციების გაზიარების შესაძლებლობას მიესალმება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-ს თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ თემის კომენტირებისას განუცხადა, მათი წინადადებაა, პრეზიდენტს პარლამენტის ნებისმიერ დროს დათხოვნის შესაძლებლობა არ მიეცეს.

"შემოთავაზებული რედაქციით პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეეძლო პარლამენტის დათხოვნა. თუ ნაბიჯს ვდგამთ პრეზიდენტის ზედმეტად გაზრდილი უფლებამოსილების შეკვეცისკენ, მაშინ რატომ ვაუქმებთ მოქმედ რედაქციას, რომელიც პრეზიდენტს ზღუდავს, ვერ დაითხოვოს პარლამენტი პარლამენტის არჩევნებიდან პირველი 6 თვის და პრეზიდენტის არჩევნებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში. რატომ ვაუქმებთ ამას და რატომ ვაძლევთ უფლებას პრეზიდენტს, ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი?!", - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის დათხოვნის ფართო შესაძლებლობის მიცემა ცუდი იქნება სტაბილურობისთვის, რადგან ქვეყანას ახლა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ სჭირდება.

"იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ახალ არჩევნებშიც გაიმარჯვებენ და შესაძლოა მეტი ხმებითაც ვიდრე დღეს აქვთ, ქვეყანას ეს არ სურს, რადგან რიგგარეშე არჩევნები ყოველთვის იწვევს დესტაბილიზაციას. ამავე დროს არც ის არის საჭირო, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. კონსტიტუციის ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსენსუსით და არა ისე, როგორც ადრე ხდებოდა - როცა ერთი პოლიტიკური ძალის ნათქვამი მაშინვე საკონსტიტუციო ცვლილებად იქცეოდა. ჩვენი შეთავაზებაა, პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებული ეს ცვლილება არ შევიდეს ძალაში და თუ ამ კუთხით არასამთავრობოების რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით", - აღნიშნა კოჟორიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. მისი განმარტებით, განხილვისთვის წარდგენილ ტექსტში შესაძლოა, აისახოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნის საკითხთან დაკავშირებით.