ყველა საკითხი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობამ" დასვა, როგორც პრობლემური, სათანადოდ და ადეკვატურად არის შეფასებული ვენეციის კომისიის დასკვნაში , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადეკვატურად არის შეფასებული არა იმიტომ, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" პრეტენზია, ან სურვილი, არამედ, კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაში ჩაურევლობის პრინციპებს.
"ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" მკაცრი მოთხოვნა იქნება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ შეასრულონ ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებული ყველა მოთხოვნა. ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ორი თვის განმავლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე მისი მოადგილეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი არ აპირებენ ამ დასკვნის შესრულებას. ეს იქნება სავალალო და დაადასტურებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წინსვლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. არამედ პირიქით, მათი სურვილია ჩარევა სასამართლო ხელისუფლებაში", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გაუქმდეს კანონპროექტის ის მუხლი, რომელიც მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას ითვალისწინებს. თაქთაქიშვილის განცხადებით, ასევე დასკვნაში იქნება მითითებული, რომ გათვალისწინებული იყოს ოპოზიციის მოსაზრებები იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევნების დროს, დაუშვებელია სასამართლოს თავმჯდომარეებს აეკრძალოთ პრინციპულად და ზოგადად მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
"დასკვნაში ასევე არის საკითხი, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ მოქმედ წევრს არ შეიძლება მოუწიოს თანამდებობების დატოვება კანონის მიღებიდან გამომდინარე. ეს არის ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც სულ რამდენიმე საათში განთავსდება მათ საიტზე", - დასძინა ჩიორა თაქთაქიშვილმა.