ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ხარატიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ეუთო-ს დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები დადებითად შეაფასეს, აღნიშნული ორგანიზაციის რეკომენდაციები მიუთითებს, რომ საარჩევნო სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს. ხარატიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის აქტიურად მუშაობაში ჩაერთვება.
ამ დროისთვის ზურაბ ხარატიშვილი ინტერფრაქციულ ჯგუფს რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. პირველი რეკომენდაციაა საარჩევნო სისტემის სიმარტივე. ხარატიშვილი აცხადებს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, თუმცა სიები უნდა იყოს ღია.
"საერთო ეროვნული პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა ღია სიით, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და დემოკრატიულ საარჩევნო სისტემას, ხოლო ფორმით ის პრაქტიკულად შეიძლება აღიქმებოდეს დღეს არსებული ორი ბიულეტენის - მაჟორიტარულისა და პროპორციულის ერთ ბიულეტენად გაერთიანებად", - აცხადებს ხარატიშვილი.
მისივე თქმით, ასევე შედეგების შეჯამების დროულობის მიზნით, უნდა გამარტივდეს ბიულეტენების დათვლის არსებული პროცედურები და დაინერგოს თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიები.
გარდა ამისა, ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის ბარიერი 0,67%-მდე უნდა შემცირდეს, ასევე პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უნდა დაუწესდედ დეპოზიტი 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაუბრუნდებათ 0,5% ხმის მიღების შემთხვევაში.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ხარატიშვილი ინტერფრაქციულ ჯგუფს სთავაზობს, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაა. ცესკო-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყველა დონის კომისიის წევრი უნდა შეირჩეს კონკურსის საფუძველზე, მაღალი კვირუმით, პარტიის მიერ დანიშნული წევრის გამოწვევა შეიზღუდოს, ხოლო პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს. მისივე თქმით, ყველა დონის კომისიის წევრს უნდა შეეზღუდოს პარტიული საქმიანობა, ორი წელი დანიშვნამდე და ორი წელი გათავისუფლების შემდეგ.
"ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კანონმდებლობა, მაგრამ ეს არ არის პანაცეა და არ არის საკმარისი. კარგი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია პოლიტიკური ნებაც", - განაცხადა ხარატიშვილმა.