ცენტრალური საარჩევნო კომისია შუალედური არჩევნების კანონმდებლობის სრული დაცვით ჩასატარებლად მზად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ , ზურაბ ხარატიშვილმა დღეს "ფორ.გე-ს პრესკლუბში განუცხადა.
როგორც ხარატიშვილი აცხადებს, სანამ მაჟორიტარობის კანდიდატობის დასახელება მოხდება, საარჩევნო კამპანია ნაკლებად ხმაურიანია და 28 მარტის შემდეგ, როდესაც პარტიები საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა.
"რეალური პოლიტიკური თვალსაზრისით სამი დეპუტატი გადამწყვეტი არ არის, თუმცა ეს იქნება პირველი წესი, რომელიც გვაჩვენებს პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ როგორი ტენდენციით ხასიათდება ამომრჩეველთა განწყობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2013 წლის 27 აპრილს, დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განკარგულება ცესკომ 15 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე მიიღო.
შუალედური არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შედგება. 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებულ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შემდეგ.