ვანო მერაბიშვილი:  ზურაბ ადეიშვილი უახლოესი თვეების განმავლობაში ჩამოსვლას არ აპირებს

ვანო მერაბიშვილი: ზურაბ ადეიშვილი უახლოესი თვეების განმავლობაში ჩამოსვლას არ აპირებს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩამოსვლას უახლოესი თვეების განმავლობაში არ აპირებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" გენმდივანმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ადეიშვილთან ხშირად აქვს სატელეფონო კავშირი და 19 აპრილის აქციისთვის საქართველოში არ იქნება.

"ის ალბათ არ ჩამოვა საქართველოში უახლოეს თვეებში. 19 აპრილის აქციაზე სულ მცირე ერთი ადამიანით ნაკლები იქნება", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი მისი მეგობარია და ძალიან ბევრი მეგობარს უწევს უცხო ქვეყანაში ყოფნა.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი ხელისუფლების, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის რჩეული და პატივსაცემი ადამიანი იძულებულია, საქართველო დატოვოს. ეს არის საქართველოს დიდი ტრაგედია, რადგან ხშირად საქართველოს პოლიტიკურ ელიტას უხდება ქვეყნის დატოვება. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მომავლის არ ესმის და რეპრესიებს ახორციელებენ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ხშირად აქვს საუბარი მის მეგობრებთან, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან.

ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის და ყველა სატელეფონო საუბარი ჩაწერილი აქვთ.