"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას 19 აპრილის აქციაში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, წინა კვირას ევროპარლამენტის ჯგუფმა საქართველოში გამოაგზავნა წერილი, რომელსაც ხელს აწერენ სხვადასხვა ქვეყნისა და ფრაქციის წარმომადგენელები. მისი თქმით, წერილის შინაარსი საგანგაშოა.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.
"ზუსტად ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი პარტიული პოლიტიკური ორიენტაციისა, მოვიდნენ 19 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველზე და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს მომავალი არის ნატო-ში, ევროკავშირში და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების გზა გადის მხოლოდ ევროპაზე", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე თქმით აქციასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეტანილია. მერაბიშვილის განცხადებით, აქცია იქნება მშვიდობიანი და კიდევ ერთხელ აჩვენებენ საქართველოს ხელისუფლებას და ევროპას - ქართველი ხალხის ნება არის ურყევი.
ყოფილი პრემიერის თქმით, ამ აქციას შეუერთდება ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები.
"ყველანი ერთად დავანახებთ როგორც ხელისუფლებას, ისევე მეზობლებს და ევროპას, რომ ქართველი ხალხის ნება მტკიცეა და ის არ იცვლება. ეს აქცია არ არის რომელიმე ჩვენი მეზობლის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ პატივს ვცემთ მეზობლების პოლიტიკურ ნებას და მათ მიერ არჩეულ გზას, მაგრამ ჩვენი გზა არის საქართველოსი და საქართველოს გზა სწორედ ევროპული გზაა", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
მერაბიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აქციაზე ელოდება იმ რაოდენობის ხალხს, რა რაოდენობაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დარწმუნდეს საქართველოს ხელისუფლება, - არიან ადამიანები, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი სულ ერთი არ არის.
მისივე აზრით, ყოველდღიური ქმედება არის საჭირო იმისათვის, რომ ევროპამ არ დაკარგოს ინტერესი საქართველოს მიმართ და ყველაზე ცუდი იქნება ის იქნება, თუ ევროპა და დასავლეთი საქართველოზე ხელს ჩაიქნევენ, როგორც არშემდგარ ქვეყანაზე.
ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება, სამცხე-ჯავახეთში კი - უკვე იმყოფებოდა. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია - საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი მოსაზრება და პოზიცია დააფიქსიროს.