არასამთავრობოების ცნობით, ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ შეეხება

არასამთავრობოების ცნობით, ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ შეეხება

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ შეეხება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს. 

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ აღნიშნა, კონსტიტუციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

"შესაბამისად, კოტე კუბლაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ანიჭებს. შესაბამისად, მას თანამდებობრივად არანაირი ცვლილება არ შეეხება", - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ერთადერთი ცვლილება, რომელიც კანონპროექტით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეხება, ის არის, რომ მას აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება, დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები. კანონპროექტით აღნიშნული უფლება ექნება თითოეულ მოსამართლეს და მოსამართლეთა კონფერენცია მისთვის სასურველ კანდიდატებს ფარული კენჭისყრით აირჩევს.