ქართული ბიზნესის ქველმოქმედება შესაძლოა საგადასახადო შეღავათებით წახალისდეს

ქართული ბიზნესის ქველმოქმედება შესაძლოა საგადასახადო შეღავათებით წახალისდეს

კანონპროექტის თანახმად, გაღებული თანხის ორმაგი ოდენობა არ დაიბეგრება

რას ითვალისწინებს ფილანთროპიის შესახებ კანონპროექტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს?

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გუგული მაღრაძის განცხადებით, კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და კანონმდებლობის მიხედვით განისაზღვრება, თუ ვინ იქნება ფილანთროპი, ვის ექნება შეღავათები და რა დახმარებას გაუწევენ ისინი საზოგადოების ნაწილს.

კანონპროექტის ინიციატორი ორგანიზაციის „ქალთა ფონდი ტასოს“ გენერალური დირექტორის მარინა თაბუკაშვილის განცხადებით, მათთან ერთად ამ კანონზე 60–მდე ორგანიზაცია მუშაობდა და პროექტი პარლამენტში შევა სახელწოდებით: ,,საქართველოს კანონი ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოების პარტნიორობის შესახებ.“

თაბუკაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, ფილანთროპად არამარტო ბიზნეს კორპორაციები, არამედ ფონდები და რიგითი მოქალაქეებიც განიხილებიან, რომლებიც დახმარებას საკუთარი სურვილით გასწევენ.

ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, კანონის მიზანი ქვეყანაში ფილანთროპიის კულტურის დანერგვა იქნებაევროპის ქვეყნების მსგავსად, სადაც ხშირ შემთხვევაში ინდივიდების მიერ ამ მიზნით გაღებული თანხები ბიზნესის მხრიდან გაღებულ თანხებსაც კი აჭარბებს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენები გაიღებენ თანხებს დასახმარებლად, მათზე კანონი გარკვეულ შეღავათებს გაითვალისწინებს, კერძოდ კი ბიზნესმენის მიერ გაღებული თანხის ორმაგი ოდენობა დაბეგვრისაგან გათავისუფლდება.

"თუ, მაგალითად, ბიზნესმენმა 100 ლარის დახმარება გაუწია რომელიმე პირს ან ორგანიზაციას, მას შემოსავლებიდან გაცემული თანხის ორმაგი ოდენობა ანუ 200 ლარი აღარ დაებეგრება,“ – აცხადებს თაბუკაშვილი.

მისივე თქმით, ფილანთროპის სტატუსი იმ რიგით მოქალაქეებზეც გავრცელდება, ვინც საკუთარი საშემოსავლოდან 1%–1, 5 %–მდე თანხას შესაბამისად კერძო პირს ან ორგანიზაციებს გადაურიცხავს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი წინასწარ დააფიქსირებს, რომ საშემოსავლოს ამ ნაწილს საქველმოქმედო მიზნებით გაიღებს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებული იქნება, ეს თანხები საქველმოქმედო მიზნებზე წარმართოს.

თაბუკაშვილის განმარტებით, მათ აღმოსავლეთ ევროპის მოდელი გამოიყენეს და კანონმდებლობაში ამ და სხვა სახის შეღავათების შესატანად, საგადასახადო კოდექსში ცლილებებისა და ფინანსთა სამინისტროში კონსულტაციების გავლა იქნება საჭირო. ამასთან, ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, შეიქმნება ინტერნეტ–რესურსი, საიდანაც შესაძლებელი გახდება მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ ვის შეუძლიათ დახმარება გაუწიონ.

შეგახსენებთ: 2012 წლის ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგში, საქართველოს 145 ქვეყანას შორის მხოლოდ 128–ე ადგილზე მოხვდა.

კანონპროექტის ინიციატივას დადებითად აფასებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა, რომლის განცხადებითაც, კომპანია ,,ვისოლი“ ხშირად ეწევა ქველმოქმედებას და იმ შემთხვევაში თუ კანონი მათზე რაიმე შეღავათებს დააწესებს, ეს მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე. „ჩვენ კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობაში,“ – დასძენს ხორავა.