საია:   არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას არ ეწინააღმდეგებიან

საია: არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას არ ეწინააღმდეგებიან

ვენეციის კომისია საქართველოს იმ მოდელს სთავაზობს, რომელიც არასამთავრობო სექტორის პოზიციასთან ყველაზე უფრო მიახლოებულია , - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული არასამთავრობო სექტორის პოზიციაა, რომ უმჯობესი იქნება, თუ უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყდებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არიან არჩეული და არ ახორციელებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს. სხვა შემთხვევებში კი, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, ქართვული არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას არ ეწინააღმდეგებიან.

საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ოფიციალური ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა, გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის თქმით შესაძლებლობას, რომ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები და არსი მოწონებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" მიესალმებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

"სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის დიდი ნაწილი ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლო წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. კანონში ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად იზრდება ინდივიდუალური მოსამართლის როლი. ჟურნალისტებს ექნებათ მათთვის საინტერესო სასამართლო პროცესების ტრანსლირების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების მიმართულებით, რადგან არც პრეზიდენტს ექნება წევრების დანიშვნის უფლება და არც დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ საბჭოს წევრები; გაიზრდება მოსამართლეთა თვითმმართველობის როლი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება, დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები. ეს უფლება ექნება თითოეულ მოსამართლეს და მოსამართლეთა კონფერენცია ფარული კენჭისყრით აირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობოების განმარტებით, ყველა ამ სიახლეს ვენეციის კომისია დადებითად აფასებს. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ უნდა გამოინახოს რესურსი, რათა აღნიშნული კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებისა და შეთანხმების გზით იქნას მიღებული და არა მწვავე დაპირისპირების რეჟიმში.

"მისასალმებელია, რომ ამ მხრივ გარკვეული დადებითი ტენდენციები არსებობს და ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ამ პროცესს შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ", - აცხადებენ არასამთავრობოები.