გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია

გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია. 

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ სტუნდენტებს მინისტრთან შეხვედრა უნდოდათ.

"ამან მე ძალიან გამახარა, იმიტომ, რომ 9 წლის განმავლობაში სწორედ სტუნდების აქტივობას ველოდებოდით და როცა სტუდენტობა გააქტიურდა, ძალიან გამიხარდა. პარასკევსვე მე გავაკეთე განცხადება, რომ მათ დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი, თუმცა ეს დიალოგი სხვა ფორმაში გადავიდა. როგორც კი მე გავაკეთე განცხადება, რომ სტუდენტებს შევხვდები, სამწუხაროდ, ტონი გახდა დაბარებითი - შეგხვდებით კაბინეტში, აქ, ამ დროს და ა.შ.", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ვალდებულია და იმისთვის არსებობს სახელმწიფო, მარეგულირებელი და ადმინისტრაციული სტუქტურები, რომ შემოწმდეს -როგორი ხარისხის განათლებაა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

"ეს არის ის, რისთვისაც სახელმწიფოა შექმნილი და ჩვენ ამას პირნათლად ვასრულებთ", - დასძინა მან.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძემ განაცხადა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შესაძლოა, უნივერსიტეტთან დაკავშირებით სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. მისივე ცნობით, დღესვე, 16:00 საათზე, აგრარული უნივერისტეტის სტუდენტები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან და უმაღლეს სასწავლებელს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.