საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი უსუფაშვილსა და ხიდაშელს მაუწყებლის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი უსუფაშვილსა და ხიდაშელს მაუწყებლის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი მელაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს მაუწყებლის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მელაძემ დღეს "პირველი რადიოს" რადიო-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

"სსმ სამეურვეო საბჭოს სწორედ ის ინსტიტუტია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეთ დგას, რადგან არსებული კანონმდებლობით მას აქვს დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა რეფორმისა, შეიძლება, ჩვენს მიერ აღქმულ იქნას მხოლოდ როგორც ზეწოლის ერთი ფორმა. ის, რაც არჩევნების შემდეგ დაუყონებლივ დაიწყო თინა ხიდაშელის მიერ, რაც დასტურდება მისი მიმოწერით სხვადასხვა საზოგადებრივ ორგანიზაციებთან, ეს იყო რეფორმის მცდელობა, სადაც ქალბატონი თინა პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მათ აეგდოთ ბურთი და შემდეგ ისინი გააგრძელებდნენ თამაშს. ეს თამაში დღეს დავით უსუფაშვილის ორკესტრირებით მიმდინარეობს, რაც მან დაადასტურა 7 მარტს გაკეთებული განცხადებით, რაც ასევე დაადასტურეს იმ პირებმა, ვინც იმყოფებოდა მასთან შეხვედრაზე. კერძოდ, მისი მოწოდებები თანამშრომლების მიმართ იყვნენ უფრო აქტიურები, შეგროვონ ხელმოწერები და ასე შემდეგ", - განაცხადა გიორგი მელაძემ.

ამასთან, გიორგი მელაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდნენ და მაუწყებელი პოლიტიკური გავლენებისაგან დაიცვან.