საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა დღეს გაფიცვა და შიმშილობა გამოაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოვაჭრე, მირიან სირაძემ განუცხადა, ისინი აგრარული ბაზრის სახელმწიფოსთვის დაბრუნებასა და მოვაჭრეებისთვის მის გაყიდვამდე არსებული პირობების აღდგენას მოითხოვენ.

"საჩხერის აგრარული ბაზარი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა, როცა ყოფილ მთავრობას ბაზრის შრომით კოლექტივთან შეთანხმების გარეშე მისი პრივატიზაციის უფლება არ ჰქონდა. ახალი მეპატრონე – შპს "ექსკლუზივმა" და მისმა მფლობელმა ამირან კაპანაძემ მოვაჭრეებს ახალი პირობები დაუწესა და სავაჭრო ადგილის გადასახადი გაზარდა. ჩემს ოჯახს 50 წელია, მაღაზია გვაქვს და თუკი აქამდე ყოველთვიურად 100 ლარს ვიხდიდი, ახლა ვიხდი 400 ლარს", - განაცხადა მირიან სირაძემ.

მისივე თქმით, ბაზრის სახელმწიფოსთვის დაბრუნებისა და აქამდე არსებული პირობების აღდგენის მოთხოვნით, მოვაჭრეების ნაწილმა დღეს დილიდან გამგეობასთან ახლოს, კულტურის სახლის სკვერში კარავი გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა.

"ამ დროისთვის რამდენიმე კაცი ვშიმშილობთ, უფრო მეტი გაფიცულია, თუმცა თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, როგორც შიმშილობის, ისე გაფიცვის აქცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს", - აღნიშნა მან.