ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი დარჩება ან მცირედით შემცირდება

ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი დარჩება ან მცირედით შემცირდება

ელექტროენერგიის ტარიფი პირველი აპრილიდან შესაძლოა, კიდევ მცირედით შემცირდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პირველი აპრილიდან სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის უფრო გრძელვადიანი, 2-დან 4 წლამდე მემორანდუმები ამოქმედდება.

"პირველი აპრილის შემდეგ ტარიფები დარჩება იგივე ან შეიძლება ცოტა კიდევ შემცირდეს. გაფორმდება ახალი გრძელვადიანი მემორანდუმები, რომელთა ხანგრძლივობა დაახლოებით 2-დან 4 წლამდე იქნება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, კიდევ რამდენი თეთრით შეიძლება მოხდეს ელექტროენერგიის საფარუსის შემცირება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს "დიდი მოცულობით არ მოხდება".
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სეზონური ტარიფები დააწესოს, ელოშვილის განცხადებით, ჯერ აღნიშნულზე საუბარი არ მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს – სს "ინტერ რაოსა" და სს "ენერგო–პრო ჯორჯიას" შორის გაფორმებული დროებითი, სამთვიანი მემორანდუმის საფუძველზე, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე "თელასის" მომხმარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ–ს ჩათვლით 9,94 თეთრს იხდიან, ხოლო აბონენტები, რომლებიც 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 12.46 თეთრს.

რაც შეეხება "ენერგო–პრო ჯორჯიას" აბონენტებს, 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ–ს ჩათვლით 9.44 თეთრს იხდიან, ხოლო 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები კი, 12.98 თეთრს.