ლაშა გოცირიძე - ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შესაძლოა, კახა ბენდუქიძის ფაქტორს დაუკავშირდეს

ლაშა გოცირიძე - ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შესაძლოა, კახა ბენდუქიძის ფაქტორს დაუკავშირდეს

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე ეჭვობს, რომ ავტორიზაციის საბჭომ შესაძლოა, უნივერსიტეტთან დაკავშირებით სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ რექტორმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ნიშანია იმისა, რომ უნივერისტეტის გარშემო პროცესები სამართლიანად არ მიდის, ამაზე მეტყველებს ბევრი ფაქტორი, მაგალითად ის, თუ რა საბაბით დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის შემოწმება.

გოცირიძის თქმით, ამას ასევე ადასტურებს ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და განათლების მინისტრის ბოლო პერიოდის მინიშნებებიც. ამდენად, გოცირიძე ეჭვობს, რომ ავტორიზაციის საბჭომ შესაძლოა, არ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება სასწავლებელში განათლების მიღების ხარისხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება სხვა ფაქტორებს, მაგალითად, კახა ბენდუქიძეს დაუკავშირდეს.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თქმით, თუ ავტორიზაციის საბჭო უნივერისტეტს ავტორიზაციას შეუწყვეტს, ეს ფაქტობრივად, უნივერისტეტის დახურვას ნიშნავს და სტუდენტები სხვა სასწავლებლებში გადანაწილდებიან.

ამასთან, უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა რომ დღეს, 16:00 საათზე აგრარული უნივერისტეტის სტუდენტები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან და უმაღლეს სასწავლებელს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

გოცირიძემ ისაუბრა, ასევე, 3-დან 11 იანვრის ჩათვლით უნივერსიტეტში განხორციელებულ შემოწმებაზე. იგი მიიჩნევს რომ მონიტორინგის ჯგუფმა რევიზია არასრულფასოვნად ჩაატარა. მისი ცნობით, ამ შემოწმების მიზეზი გახდა 2011 წელს ინვიერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორების საჩივრები. გოცირიძის თქმით, ამ შემოწმებას სასწავლებელში განათლების ხარისხთან დაკავშირებით კავშირი არ ჰქონია.

რექტორი მიიჩნევს, რომ აგრარული უნივერსიტეტი, თუნდაც 2011 წელთან შედარებით, ერთი თავით მაღლა დგას, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე უმაღლესი სასწავლებელია.

გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ აგრარულ უნივერისტეტს ავტორიზაცია არ შეუწყდება, მაშინ 13 მარტს გაიმართება აკრედიტაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ - უნივერისტეტის პროგრამები რამდენად შეესაბამება სტანდარტებს.