გენადი ონიშენკო:  საქართველოს არ დაუდასტურებია მზადყოფნა, მიიღოს ექსპერტების მეორე ჯგუფი

გენადი ონიშენკო: საქართველოს არ დაუდასტურებია მზადყოფნა, მიიღოს ექსპერტების მეორე ჯგუფი

საქართველოს არ დაუდასტურებია მზადყოფნა, მიიღოს "როსპოტრებნადზორის" ექსპერტების მეორე ჯგუფი, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განაცხადა. "ჩვენ ვამზადებთ ინსპექციის მეორე ჯგუფს. უკვე განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ჩავიდეთ საქართველოში 25 მარტს, თუმცა ქართული მხარისგან პასუხი არ გვაქვს. არ ყოფილა არავითარი სიგნალი. ჩვენ უნდა შევათანხმოთ გადაადგილების მარშრუტი. ამ საკითხს ყველა კუთხით ვუდგებით, მათ შორის ჩვენი ხალხის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ",- აღნიშნა ონიშენკომ.

როგორც ცნობილია, "როსპოტრებნადზორის" ექსპერტების პირველმა ჯგუფმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირება 25 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით განახორციელა. შედეგად, ღვინის მწარმოებელ 36 კომპანიას და მინერალური წყლების 4 საწარმოს, რომელთაც ინსპექტირება წარმატებით გაიარეს, შეუძლიათ წარადგინონ ნიმუშები რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციისთვის.