პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მაჟორიტარობის კანდიდატებზე იმსჯელეს.
როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განუცხადა, კოალიცია შუალედური არჩევნებისთვის ემზადება და ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის ოლქებისთვის კანდიდატებს არჩევს.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" კანდიდატებზე შეჯერდება და მათ ვინაობას მოგვიანებით დაასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის ინფორმაციით კი, მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა 28 მარტამდე გახდება ცნობილი.
პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შიდა სტრუქტურაც დამტკიცდა.
"ასევე დავიწყეთ აღმასრულებელი მდივნის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვა. უნდა შევჯერდეთ, ვისი დანიშვნა რომელ სტრუქტურაში სჯობს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა "ქართუ ჯგუფის" ოფისში შვიდ საათს გაგრძელდა.