საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა განახლდება.
ამის შესახებ ხიდაშელმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვის შეფასებისას განაცხადა.
"ჩვენი თავდაპირველი ვარიანტი იყო ყველას დაშლა, ვენეციის კომისიის პირველადი ვარიანტი იყო, რომ - არა. ჩვენ ორი დღე ვიმუშავეთ მათთან ერთად და მივედით კომპრომისადმე. იუსტიციის საბჭო მოგეხსენებათ, ორი ჯგუფისგან შედგება - პირველი, ეს არის პოლიტიკური დანიშვნები, რომელზეც ცალსახად გვეთანხმება ვენეციის კომისია და ამბობს, რომ ეს უნდა შეიცვალოს; მეორე, ეს არის სასამართლო დანიშვნები, სადაც იმ მახინჯი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში იყო, ასევე ორმაგი წესი მოქმედებდა. ანუ, სასამართლო დანიშვნებიდან რამდენიმე ადამიანი დემოკრატიული წესით არის დანიშნული, იმიტომ რომ არჩეულია მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, დანარჩენი კი – არადემოკრატიული წესით. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ახალი წესები, ანუ კონფერენციის მიერ არჩევნები, ანუ ჩვენი კანონპროექტით შეთავაზებული წესები უნდა გავრცელდეს ყველა იმ წევრზე, რომელიც არ არის თავის დროზე ამ დემოკრატიული წესით მოხვედრილი იუსტიციის საბჭოში. ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ახალი ადამიანები იქნებიან, რომელთა ნაწილს პარლამენტი აირჩევს, მეორე ნაწილს - მოსამართლეთა კონფერენცია", - განაცხადა ხიდაშელმა.