იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც გადახედა

იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც გადახედა

იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც გადახედა. მთავრობის ინიციატივით ცვლილებები "სისხლის სამართლის პროცესის" იმ ნაწილშიც შედის , რომელიც საქმეში მტკიცებულებებსა და მტკიცების საგანს ეხება. 

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, სასამართლო ვალდებული ხდება, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, დაასაბუთოს.

ამავე ცვლილებებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მათ საეჭვოდ პროცესის მონაწილე არც ერთი მხარე არ ხდის. პროექტით გათვალისწინებულია ისიც, რომ მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუკი ასეთი ფაქტი სასამართლოში მტკიცებულებათა შედეგებს ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, მოწმის მიერ მიცემული ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულება იქნება, თუკი მოწმის გამოკითხვის ოქმი კოდექსით დადგენილი წესით მეორე მხარეს არ გადაეცემა.
ცვლილებები შედის მოწმის ირიბი ჩვენების ნაწილშიც. პროექტის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი იგი სხვა ისეთი მტკიცებულებებით დასტურდება, რომელიც ირიბი ჩვენება არ არის. ამასთან, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ასეთი ჩვენების მიმცემი პირი ინფორმაციის წყაროს მიუთითებს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელი იქნება.