ბრალდებულის უფლებას, ჰყავდეს მისთვის სასურველი ადვოკატი, კანონი უფრო მეტად დაიცავს

ბრალდებულის უფლებას, ჰყავდეს მისთვის სასურველი ადვოკატი, კანონი უფრო მეტად დაიცავს

ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი საქმის განხილვას უნდა ჩამოშორდეს. ამას "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. 

დღეს მოქმედი კანონით, თუკი ადვოკატი სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ბრალდებულს ადვოკატი სავალდებულო წესით დაუნიშნოს, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, ადვოკატი საკუთარი სურვილით მოიწვიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადვოკატი სასამართლოში საპატიო მიზეზით არ ცხადდება და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა პროცესის მიმდინარეობას აჭიანურებს ან ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს ადვოკატი სავალდებულო წესით დაუნიშნოს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კოდექსში დამატებითი ნორმები შედის, რომელთა თანახმად, ბრალდებულის სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი სასამართლოს განხილვას უნდა ჩამოსცილდეს, ხოლო თუ სასამართლოში ბრალდებულის ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება, სასამართლო სხდომას არა უმეტეს ათი დღის ვადით გადადებს.