ევროკავშირის პროექტი

ევროკავშირის პროექტი "მოდი გავიცნოთ ევროპა", ხვალიდან იწყება

ევროკავშირის შემეცნებით-გასართობი პროექტი "მოდი გავიცნოთ ევროპა", დედაქალაქისა და რეგიონის სკოლებში ხვალიდან იწყება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, მობილური საინფორმაციო ცენტრი ხვალ სკოლა-პანსიონ "აიბი მთიებს" ესტუმრება. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი მოსწავლე-ახალგაზრდობას წარუდგენს მოკლემეტრაჟიან ფილმებს ევროკავშირის შესახებ და ვიქტორინაში - "რამდენად კარგად ვიცნობთ ევროპას" მონაწილეობით სხვადასხვა სამახსოვრო პრიზის მოგების შესაძლებლობას მისცემს.

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი სკოლებს დაურიგებს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცემულ სახალისო წიგნებს - "მოგზაურობა ევროკავშირში" და "მოდი გავიცნოთ ევროპა", რაც სკოლის მოსწავლეებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის ევოპული ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის შესახებ.

ავტობუსი, სადაც მობილური საინფორმაციო ცენტრი განთავსდება, წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება. კამპანიის მიზანია, წარმოაჩინოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიძიონ საინტერესო ინფორმაცია და მასალები საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. ასევე, ნახონ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები პროექტების შესახებ, მონაწილეობა მიიღონ პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან დაგეგმილ განხილვებში და მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ.

ევროკავშირის მობილურმა საინფორმაციო ცენტრმა სტარტი 2012 წელს აიღო. წლის განმავლობაში ავტობუსი ესტუმრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებსა და უმაღლეს სასაწავლებლებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებს, მონაწილეობა მიიღო გამოფენებში, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვირეულებსა და აქციებში.
მობილური საინფორმაციო ცენტრი პროექტის - "ერთად შევეგებოთ ევროპას" ნაწილია.