თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ გავაზის გამგებელს, დავით ვარადაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ადვოკატის ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
დავით ვარადაშვილი 8 მარტს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურა მას სამსახურეობრივი მფარველობის მოტივით, სოფელ გავაზის მკვიდრისთვის 2 400 ლარის ოდენობით ქრთამის გამოძალვას ედავება.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-3 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე გულისხმობს.
დავით ვარადაშვილის საქმეზე წინასასამართლო პროცესი 10 აპრილს არის ჩანიშნული.