სამებაში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება

სამებაში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება

ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ქართველმა ერმა ლოცვა უნდა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ მიიღო წმინდა სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება. ყოველ კვირა დღეს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი მსოფლიოსთვის და ამ დღეს ქართველი სასულიერო პირები მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცებენ.

ყოველ ორშაბათს კი აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის. პატრიარქის თქმით, ეცდება ამ პარაკლისზე აუცილებლად თავად იყოს ხოლმე.
სამშაბათს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა ამ დღეს ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ და სასულიერო პირებს დაალოცინონ.

ყოველ ოთხშაბათს კი იქნება ჯვრის პარაკლისი და ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ.

ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის, ხოლო ყოველ პარასკევს ყოველთა წმიდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ყოველ შაბათს იქნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყოველდღიური პარაკლისები საღამოს 19.00 საათზე დაიწყება.