სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით "ალბათობის მაღალი ხარისხის" სტანდარტი იზრდება. იუსტიციის სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადებული პროექტის თანახმად, ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი და დეფინიცია ისეთი კატეგორიით ივსება, როგორიცაა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ალბათობის მაღალ ხარისხთან დაკავშირებით დღეს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ნათქვამია, რომ ის წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაა, რომელიც დამაკმაყოფილებელია სხდომის მოსამართლისთვის, რათა გამამტყუნებელი განაჩენი ვარაუდის მაღალი ხარისხით იქნეს გამოტანილი.
კანონპროექტით კი, "ალბათობის მაღალი ხარისხის" დეფინციას ემატება, რომ ამ შემთხვევაში საუბარია წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.