ილია მეორე – სასუფევლისკენ ყველაზე მარტივი გზა სიკეთის კეთებაა

ილია მეორე – სასუფევლისკენ ყველაზე მარტივი გზა სიკეთის კეთებაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, უფალი სახარებაში ბრძანებს – "რაც გაუკეთეთ ადამიანს, ის მე გამიკეთეთო" . პატრიარქმა მრევლს სიკეთის კეთებისა და გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა.

უწმინდესის თქმით, გუშინ ხორციელ შაბათთან დაკავშირებით ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საჭმელი გაგზავნეს. "ფსიქიატრიულის პაციენტებს კი უთქვამთ, კიდევ კარგი ვიღაცას მაინც ვახსოვართო. აუცილებელია გვახსოვდეს ეს საცოდავი ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ყოველდღე, რომ საღი გონება მოგვცა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, სასუფეველში მრავალი გზა მიდის, მათ შორის ლოცვა და სულიერი მოღვაწეობა, თუმცა ყველაზე მარტივი გზა სიკეთის კეთებაა. "როდესაც ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს გაჭირვებული ადამიანისთვის, ამ მოწყალებას პირდაპირ მიჰყავს ადამიანი სასუფეველში. უნდა ვეცადოთ არც ერთი დღე არ დაღამდეს ისე, რომ რაღაც სიკეთე არ გავაკეთოთ გაჭირვებული ადამიანისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ისტორიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აკადემიკოსები – დავით მუსხელიშვილი და ეთერ ქემერტელიძე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგი ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

პატრიარქმა მიტრა გადასცა რამდენიმე დეკანოზსაც საქართველოს ეკლესიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. ასევე, დღეს ტრადიციულად დაილოცა რამდენიმე გვარი, მათ შორის რიჟამაძეები, ყალიჩავები, ბობოხიძეები, თამაზაშვილები, ნატროშვილები და ქათამაძეები.