როგორც კი მოვიდნენ ე.წ. რევოლუციონერები, ნანა კაკაბაძის მოსმენა მომთხოვეს, - ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა.
მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსული მთავრობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის ვინაობის დასახელებისგან ხაბურძანიამ თავი შეიკავა, მას უთხრა - "ეს ქალი ნერვებს გვიშლის და იქნებ გაარკვიო, რას ლაპარაკობს და ვის ელაპარაკებაო".
"რატომ წარმოადგენდა ნანა კაკაბაძე მათთვის ასეთ საშიშროებას, არ ვიცი. მე რა თქმა უნდა, ეს არ ჩავრთე და ვუთხარი, რომ არაფერს ისეთს არ ლაპარაკობს და არავის არაფერს ელაპარაკება-თქო", - აღნიშნა ხაბურძანიამ.
ამასთან, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირწმუნება, რომ "ვარდების რევოლციამდე" მოსმენები არ ხდებოდა და მის უწყებას უფინანსობის გამო შესაბამისი აპარატურაც კი არ გააჩნდა.
"ჩვენ აპარატურა არ გვქონდა და ჩვენი სამინისტრო მოსმენებს ვერ ახორციელებდა. ჩემი მინისტრობის მხოლოდ ბოლო ორი თვის პერიოდში მოვახერხეთ "ჯეოსელის" ჩართვა და დიდხანს ტკბობა არ დამცალდა, მოგეხსენებათ, რომ წამოვედი. "ჯეოსელი" სანქციის გარეშე მოსმენის საშუალებას არ იძლეოდა. წარმოუდგენელი იყო "ჯეოსელთან" მისულიყავი და ჩაგერთო იმ ტიპის აპარატურა, რომელიც მოსმენებს ახორციელებს. რაც შეეხება "მაგთის", მან არ მიგვიშვა და არ მოგვცა საშუალება კანონიერად განგვეხორციელებინა ეს პროცესი",-განაცხადა ხაბურძანიამ.
მანვე ისაუბრა იმაზეც, რომ "რევოლუციონერი" მთავრობისგან შევარდანძის მინისტრებზე ზეწოლა იყო. "მე დამირეკა ზურაბ ჟვანიამ და მითხრა, სასწრაფოდ დაურეკე კობა ნარჩემაშვილს და უთხარი გადადგესო. მე ვუთხარი - ზურა, ეს არ არის ჩემი ფუნქცია, ადექი და შენ თვითონ დაურეკე-მეთქი. მაშინ ახლავე ხალხს მივუგზავნიო მითხრა და შუბლზე დააწერენ გადადექიო და გადადგებაო",-განაცხადა ხაბურძანიამ.
მისი თქმით, ის იყო ერთგვარი შუამავალი რგოლი ახალ და ძველ ხელისუფებას შორის. "როდესაც გართულებული პროცესი იყო, ძირითადი კონტაქტი მქონდა ეროსი კიწმარიშვილთან, რადგან ვთვლიდი, რომ ტელევიზიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ რევოლუციაში. გარკვეული თვალსაზრისით ურთიერთობები მქონდა მიხეილ სააკაშვილთანაც", - განაცხადა ხაბურძანიამ და დასძინა, რომ ის მაშინ დუმილმა გადაარჩინა.