პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ განაცხადა, განხილვისათვის წარდგენილ ტექსტში შესაძლოა აისახოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნის საკითხთან დაკავშირებით. უსუფაშვილის თქმით, ტექსტი გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შეჯერდება.
"საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტში განხილვის ზუსტი თარიღი 18 მარტს გამოცხადდება, როცა ბიუროს სხდომა გაიმართება. ამ დღეებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც დეკემბერში ინიცირებულ პროექტს შეაჯერებენ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ის ორი მუხლი ამოდის, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი პროექტით, პრეზიდენტს უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორი იმთავითვე კრიტიკით მიუდგა. მათი აზრით, საჭიროა, პარლამენტს კონსტიტუციური დაცვის გარანტიები შეუნარჩუნდეს.
ამავე პროექტით, იზღუდება ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით. კერძოდ, ჯერ კიდევ მოქმედი საკონსტიტუციო ნორმის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად კი, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.