პოლიტიკური კრეტინიზმია, ვინც "ვარდების რევოლუციის" დროს პარლამენტის კარების გაღებას მაბრალებს, - ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა.
მისი თქმით, რატომღაც მას შეუქმნეს იმიჯი და ხალხიც ფიქრობდა, რომ ის მაშინდელი ე.წ. რევოლუციონერების მხარეს იყო, რაც ხაბურძანიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
"პარლამენტის კარების გაღებას ვინც მაბრალებს, ასეთი ორი კაცი დარჩა: ერთი შალვა ნათელაშვილია და მეორე ცნობილი ჟურნალისტი, რომლის გვარსაც არ დავასახელებ. მაშინ პარლამენტს შინაგანი ჯარის სამი კორდონი ჰქონდა შემორტყმული. ორი კორდონი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის. მე ჯერ სამი კორდონი უნდა გამეტარებინა ეს "რევოლუციონერები", შემდგომ ეს ორი კორდონი, მიმეყვანა დარბაზის კარებთან და ჩამომეხსნა დარბაზის კარები. იქ იმიტომ ვდგავარ, რომ ყველა გაიქცა და შემრცხვა გაქცევის. ისეთი სიტუაცია იყო, ყველა გარბოდა. მინისტრებიდან დარჩა ამირან გამყრელიძე, შემდგომში დავინახე ირაკლი მენაღარიშვილი. დანარჩენმა ხალხმა ფეხსაცმელები, ტანსაცმელები დატოვეს",- განაცხადა ხაბურძანიამ.
რაც შეეხება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ქმედებებს, ხაბურძანია ამბობს, რომ შინაგან საქმეა სამინისტროს ფუნქციაში შედიოდა კანონდამრღვევების დაკავება. "რატომ არ დააკავა?!", - აღნიშნავს უშიშროებიხ ყოფილი მინისტრი.
მისივე თქმით, მის ფუნქციაში შედიოდა გაეფრთხილებინა ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე, რაც როგორც ხაბურძანია ირწმუნება, გააკეთა კიდეც.
"მე გავაფრთხილე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტში მის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. ვუთხარი - ჩათვალეთ, რომ კანცელარია აღებულია და ხალხი მალე შემოვა პარლამენტში. მან გადახედა ავთო ჯორბენაძეს და ჰკითხა: ავთო, რამდენი იყო ეკონომიკური ზრდა წელსო. უთხრეს, რომ თორმეტი მთელი და რაღაც მეათედი. მან, როგორც ყოველთვის, ხუმრობით თქვა, მაშინ ცამეტს ვიტყვიო და ჩემს ნათქვამს იგნორი იუმორით გაუკეთა", - დასძინა ხაბურძანიამ.