ყოფილი

ყოფილი "ზაკვოს" შენობაში "თიბისი ბანკმა" დაცვა ჩააყენა

ყოფილი "ზაკვოს" შენობაში სიტუაციის კონტროლის მიზნით, "თიბისი ბანკმა" დაცვა ჩააყენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკის წარმომადგენელმა განუცხადა , შენობა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა "თიბისი ბანკის" საკუთრებაა, კრიმინალის ბუდედ იქცა. 

"გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შენობა "თიბისი ბანკის" მთავარ ფილიალად განიხილება. მოკლევადიან პერსპექტივაში კი ჩვენ აქ გვინდა, რომ შენობაში არსებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს. შიგნით არის ნარკომანიის ფაქტები, არის ანტისანიტარია, ასევე, არის პროსტიტუციის ფაქტები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კონტროლზე აგვეყვანა შენობა და დავაყენეთ დაცვა. შიგნით მყოფ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, შევიდნენ და გამოვიდნენ, უბრალოდ ვაკეთებთ შეზღუდვებს ყველა გარე პირისთვის. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ღამით არ იყვნენ შენობაში, ვუზღუდავთ შესვლის უფლებას. ეს შენობა უკვე რამდენიმე თვეა ბანკის საკუთრებაა და მასში უკანონოდ არიან შეჭრილები ადამიანები", - აღნიშნა ბანკის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს შენობაში მყოფი ადამიანების იდენტიფიკაცია, რათა დადგინდეს მათი სტატუსი. "გვინდა, დავადგინოთ ვინ არის დევნილი და ვინ არის სოციალურად დაუცველი. შემდგომ გეგმებს ამის შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, "ზაკვოს" შენობაში მოსახლეები იმ დრომდე დარჩებიან, სანამ მათი საცხოვრებელი ფართის პრობლემა არ გადაწყდება, თუმცა, მისივე თქმით, ბანკი ამის ვალდებულებას ვერ აიღებს, რადგან ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა.

ამასთან, შენობასთან შეკრებილი არიან მოსახლეები და ის ადამიანები, რომლებიც შიგნით შესვლას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ის ამ შენობაში უკვე რამდენიმე თვეა ცხოვრობს, თუმცა, ვინაიდან ის ღამით შენობაში არ იმყოფებოდა, შესვლას ვერ ახერხებს. "ჩვენ ვთხოვთ "თიბისი ბანკს", რომ სანამ საყოველთაოდ გამოასახლებენ ამ შენობიდან ადამიანებს და გადაწყდება ჩვენი პრობლემები, აქ ცხოვრების საშუალება მოგვცენ", - აღნიშნავენ ისინი.

ამასთან, როგორც ადგილზე აცხადებენ, ბანკმა შენობასთან დაცვა ღამის 04.00 საათზე ჩააყენა და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.