სასწრაფოს ექიმები ხვალ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ

სასწრაფოს ექიმები ხვალ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმები ხვალ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოშიმშილე ექიმებმა აცნობეს, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმების დაუყოვნებლივ აღდგენა იქნება. 

მათივე ცნობით, ამის პარალელურად ადმინისტრაციამ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ფილიალებში ექიმების დაშინება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოშიმშილეები ამბობენ, არის მუქარა, რომ ვინც ხვალინდელ აქციაზე მივა, სამსახურიდან გათავისუფლდება.

გარდა ამისა, მოშიმშილე ექიმების ინფორმაციით, დღეს მათ აქციას კიდევ რამდენიმე ექიმი შეუერთდება და შიმშილობას დაიწყებს.

სამედიცინო ცენტრის 5 ექიმი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. მათი მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და ცენტრის ადმინისტრაციის შეცვლაა.