ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს , მეორე ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 420-მდე ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დალოცავს.
მოსანათლი ჩვილების სიმრავლის გამო, 26-ე ნათლობა ორ ეტაპად ტარდება. ნათლობისთვის რეგისტრაცია სულ 800-ზე მეტმა პატარამ გაიარა. ნათლობის პირველი ეტაპი 3 მარტს გაიმართა.
ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 14 312 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.