მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია მორწმუნეებს უფლის საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს პოვებენ.
დღეს ასევე ხორცის აკრეფა მოხდება, რომლის შემდეგაც მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ.
საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც ეკლესიური ადამიანები კვირის განმავლობაში მხოლოდ რძის პროდუქტებს მიიღებენ.
წელს დიდმარხვა 18 მარტს დაიწყება და 5 მაისს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.