სამხედრო პოლიციელებს გირაო შეეფარდათ

სამხედრო პოლიციელებს გირაო შეეფარდათ

ხუთ სამხედრო პოლიციელს, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები, თბილისის საქალაქოს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდათ . 

ხუთი სამხედრო პოლიციელი პატიმრობიდან მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც გირაოს თანხას გადაიხდის. გირაოს გადახდის ვადად კი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 15 დღე განსაზღვრა.
ბრალდებულ თორნიკე გუნავას, ალექსანდრე კუჭუაშვილს, და მერაბ მეტრეველს 10-10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ, ხოლო მამუკა წურწუმიას და გიორგი სამუშიას 20-20 ათასი ლარის.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურა უკმაყოფილოა. როგორც პროცესის შემდეგ, ბრალდების მხარემ - პროკურორმა რეზო ნადოიმ განაცხადა, მოწმეთა დიდი ნაწილი ბრალდებულების თანამშრომლები არიან და არასაპატიმრო აღმკვეთის პირობებში ბრალდებულებმა შესაძლოა, გამოიყენონ ეს მდგომარეობა მოწმეებზე ზემოქმედების მიზნით.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით კი, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჭკადუამ პროცესის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გუნავა, კუჭუაშვილი და მეტრეველი გირაოს გადახდას ხვალ შეეცდებიან, რის შემდეგაც გლდანის ციხეს დატოვებენ.

დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას უკანონო დავალებით, თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია, მერაბ მეტრეველი, გიორგი სამუშია და კოხტა კოდუა მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან გადმოსული გ.ჩ.-ს მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
კერძოდ, აღნიშნულმა პირებმა გ. ჩ.-ს აიძულებდნენ, ეღიარებინა, თითქოს რუსების დავალებით ფულის სანაცვლოდ, ზუგდიდში უნდა გადმოეტანა ბომბი, რაზეც მისგან მიიღეს კატეგორიული უარი.
მეგის ქარდავას უახლოეს პერიოდში წარედგინება დაზუსტებული ბრალდება.