სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან მოშიმშილე ექიმებს სოლიდარობის ნიშნად კოლეგა ზვიად ჭაბუკიანი უერთდება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭაბუკიანმა განუცხადა, მიიჩნევს, რომ მისი კოლეგები უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრიდან დათხოვილი ექიმები შიმშილობას განაგრძობენ და ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღებისკენ მოუწოდებენ. ოთხ ექიმს ქერჩის ქუჩაზე მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან უკვე მესამე დღეა კარვები აქვს გაშლილი, სადაც შიმშილობენ.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლევან ლომსიანიძემ განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სამსახურიდან ოთხი ექიმის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რაიმე ზომების მიღებას არ აპირებს.
მოშიმშილეების მოთხოვნაა, რომ შეიცვალოს სასწრაფო დახმარების ადმინისტრაცია და ამის შემდეგ დააბრუნონ ისინი სამსახურში.
"თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის გამო, სამსახურიდან არ უნდა გვათავისუფლებდნენ",-განაცხადა ლევან ლომსიანიძემ, რომელთან ერთადაც ზურაბ ლატარია, ციალა კაშია და ლევან ლატარია შიმშილობენ.