ევროკავშირის მრჩეველი თომას ჰამარბერგი საქართველოს მთავრობას მოქალაქეთა საჩივრებზე რეაგირების გზების გამონახვას და ამ მიზნით ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ურჩევს. როგორც ჰამარბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ეს წინადადება დააყენა გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მოდელის შემუშავების საკითხზე სასტუმრო "რედისონში" გამართულ კონფერენციაზე.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ის საჭირო დროს გაიმართა, რადგან შეეხებოდა საკითხებს, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ცუდად ექცეოდნენ. საქართველომ უნდა გამონახოს საჩივრებზე რეაგირების გზა და ამავე დროს, განავითაროს ადამიანის უფლებების კულტურა მომავლისათვის. მე წინადადება დავაყენე, შემუშავდეს ეროვნული მოქმედების გეგმა ადამიანის ურთიერთობის გასავითარებლად, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას, ასევე მოხდეს მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჩივარი შეიტანონ შესაბამის უწყებაში, თუ იგრძნობენ, რომ მათი უფლებები დაირღვა", - განაცხადა ჰამარბერგმა.
ამასთან, ის პოლიტიკური ამნისტიის საკითხზე მუშაობის დაწყებას "მნიშვნელოვნად" მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
"პარლამენტმა მიიღო "ამნისტიის შესახებ" კანონი, რასაც მოჰყვა გათავისუფლება. ახლა განიხილება საკითხი, რომ გამოაცხადონ ამნისტია მათთვისაც, ვინც ჩართული იყო წინა ადმინისტრაციის საქმიანობაში, რათა არ იგრძნონ საშიშროება, რომ პროკურატურაში დაიბარებენ დაკითხვებზე და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ხალხს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება, თუმცა მათაც, ვის წინააღმდეგაც ისინი ჩივიან, უნდა ჰქონდეთ თავის დაცვის შესაძლებლობა. ჩემი რჩევაა, რომ შეხვედრები კიდევ ჩატარდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს", - აღნიშნა ჰამარბერგმა.