თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ავღანეთში ქართველი სამხედროების დაშავების შესახებ

თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ავღანეთში ქართველი სამხედროების დაშავების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს Islamic Emirate of Afghanistan-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვისა და დაშავების შესახებ . ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

წყაროს მტკიცებით, ნავზადის რაიონში პატრულირებისას ნაღმზე ქართველი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2 და დაიჭრა 3 ჯარისკაცი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა. მან ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდა, გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"გთხოვთ, ნუ დაეყრდნობით ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გადაამოწმეთ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების სარდლობასთან ქაბულში. ყველა ქართველი ჯარისკაცი ჯანმრთელი და უვნებელია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქაბულში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო და მიუსამძიმრა ავღანელ ხალხს და მის კოლეგას.