ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის, ნორვეგიის, უკრაინის, იორდანიისა და სომხეთის 21 სამხედრო მოსამსახურე ეუფლება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თხილამურებზე სრიალი შეასწავლეს.
უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ასევე, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ.
კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. იგლუს მოწყობა ისწავლეს.
სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ.
კურსი დაბა ბაკურიანში 25 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საზეიმოდ დაიხურება.