გვაქვს მოლოდინი, რომ კონსტიტუციურ ცვლილებას მხარს დაუჭერს უმცირესობის ის ნაწილი მაინც, რაც საკმარისი იქნება ცვლილებების გასატანად , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ თბილისის იუსტიციის სახლში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კომისია დღეს შემაჯამებელ სხდომას მართავს, სადაც იმ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს განიხილავს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს. კობახიძის განმარტებით, საჯარო განხილვის ფორმატში უკვე თერთმეტი შეხვედრა ჩატარდა და დღეს კომისია შედეგებს შეაჯამებს და დასკვნას პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტს წარუდგენს.
"გამოკვლევებმა, დისკუსიებმა და ექსპერტების მოსაზრებებმა ცხადყო, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას პარლამენტის არჩევიდან ექვსი თვისა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვის ვადაში. ასევე, აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმას, რომ მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება ერთპიროვნულად დანიშნოს პრემიერი და ჩამოაყალიბოს მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე. ექსპერტების რეკომენდაციით და მოსაზრებით, უნდა ჩაიდოს სპეციალური ნორმა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაყენებისა თუ მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას სწორედ ძველი მთავრობა შეასრულებს", - განმარტა კობახიძემ.
მისივე თქმით, კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე მოწვეულები არიან უმცირესობის წარმოამდგენლები, თუმცა ისინი ჯერ იუსტიციის სახლში არ გამოჩენილან.
კობახიძის ინფორმაციით, კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნის, რომელიც თავის მხრივ, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას, სავარაუდოდ, 20-22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.