დიმიტრი შაშკინთან დაკავშირებით კონკრეტული მოცემულობა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, გამოძიება თავდაცვის უწყების ფინანსურ-ეკონომიკურ წარსულს ზოგადად სწავლობს.
"დიმიტრი შაშკინთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფერს არ ვაპირებთ. მიმდინარეობს გამოძიება ზოგადად – რა შედეგიც დადგება და ვისი სახელიც გამოიკვეთება პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ის დაისჯება. არანაირი განსაზღვრული მოცემულობა ამ ადამიანთან დაკავშირებით წინასწარ არ გაგვაჩნია", - აღნიშნა კბილაშვილმა.
ამასთან, მთავარი პროკურორი სამხედრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ პასუხისმგებელი პირების რაოდენობა გაიზარდოს.
"ესაა გამოძიების მიერ ამ სტადიაზე შესწავლილი და დადგენილი გარემოება - რა მოხდება მომავალში, ამის პროგნოზირებას არ შევუდგები, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა არის რამდენიმე სამართალდამცავი უწყების გამოძიების საგანი და უკვე იკვეთება კიდეც რამდენიმე ასეული მილიონი ლარის არასწორად გამოყენების, ანუ დაუსაბუთებლობის საკითხი", - დასძინა მთავარმა პროკურორმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა საქმესთან დაკავშირებით მოხდა მთავარ პროკურატურაში დღეს თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა, კბილაშვილის თქმით, "მასთან მიმართებაში რამდენიმე თემა არსებობს", თუმცა განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.