ჩვენ ვეტოს გადავლახავთ, - ასეთი კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობაზე.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, სამინისტროს დაგეგმილი აქვს, კანონპროექტის არსებულ ვარიანტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მხოლოდ "თითზე ჩამოსათვლელი 4-5 დაზუსტება შეიტანოს".
"ჩვენ კანონპროექტში პარლამენტის მეშვეობით რამდენიმე, სულ თითზე ჩამოსათვლელ დაზუსტებას და შესწორებას შევიტანთ. ეს პირველ რიგში შეეხება მედიის მიერ სასამართლო უწყებაში ვიდეოგადაღების ახალ უფლებას, რა კუთხითაც ვენეციის კომისიის წუხილი იქნება დაკმაყოფილებული. თუმცა, იუსტიციის სამინისტრო არამც და არამც არ დაუშვებს, რომ მედია სასამართლო დარბაზიდან გავიდეს. აგრეთვე, ჩვენ შევთავაზებთ პარლამენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც კონფერენციის მიერ არიან არჩეული, დარჩნენ წევრებად მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადადგებიან შესაბამისი სასამართლოს და პალატების თავმჯდომარეობიდან. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არიან არჩეული, ისინი უნდა გადადგნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ, თავიდან იყარონ კენჭი მოსამართლეთა კონფერენციაზე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ 4-5 დაზუსტება თუ შევა პარლამენტში", - განუცხადა წულუკიანმა "ინტერპრესნიუსს".
მინისტრი განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია და კომისიამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ სასამართლო რეფორმას მწვანე შუქი აუნთო.
"დასკვნა, რომელიც გუშინ საღამოს მივიღე, ადასტურებს, რომ ვენეციის კომისია იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილ სასამართლო რეფორმას მწვანე შუქს უნთებს. ვენეციის კომისია რეფორმებს აფასებს, როგორც პროგრესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზაზე. ამასთან, როგორც ევროპულ სტანდარტებთან მართლმსაჯულების დაახლოებას, კომისია ეთანხმება იმასაც, რომ პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრი. დადებითად არის შეფასებული ისიც, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს აღარ წარმოადგენდნენ დეპუტატები. რაც შეეხება დანარჩენ 8 წევრ მოსამართლეს, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია ამბობს შემდეგს – ის ეთანხმება იმ პრობლემას, რაც არის წამოჭრილი თავმჯდომარე-მოსამართლეების ამ საბჭოში ყოფნის გამო, რადგან არ შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა ე.წ. ელიტა იჯდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კომისია ამბობს, რომ მას ეს პრობლემა ესმის. გადაჭრის გზა არის ერთადერთი და ესაა საბჭოს ის მოსამართლე წევრები, რომლებიც დღევანდელ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და ასეთი, როგორც ვიცი, არის მხოლოდ ორი. თუ მათ სურთ, დარჩნენ თანამდებობაზე, უნდა გადადგნენ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან. სერიოზული შენიშვნებია სასამართლო პროცესზე მედიის მიერ განხორციელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, ამ შენიშვნას მედიის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმება იმას და არც ვენეციის კომისია არ ითხოვს, რომ მედია გაძევებულ იქნას სასამართლოს დარბაზიდან", - დასძინა თეა წულუკიანმა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, გამოიყენებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლებას, ეს კანონპროექტში ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული.
როგორც დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" დღეს განუცხადა, თუ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ადეკვატური ცვლილებები განხორციელდება, მაშინ შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებაზე 2012 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირებული პოზიცია შეცვალოს.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონოზე ვეტოს დაადების თემაზე განცხადება 2012 წლის 20 დეკემბერს გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა 2012 წლის 20 დეკემბრის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იმ ფორმით დამტკიცდება, რა ფორმითაც ახლა არსებობს, ვეტოს გამოიყენებს.
ამასთან, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონის შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო ერთხელ უკვე დაძლია.