დავით დარჩიაშვილი:      თუ პროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ადეკვატური ცვლილებები შევა, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტო აღარ გამოიყენოს

დავით დარჩიაშვილი: თუ პროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ადეკვატური ცვლილებები შევა, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტო აღარ გამოიყენოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, გამოიყენებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლებას, ეს კანონპროექტში ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული. 

როგორც დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ადეკვატური ცვლილებები განხორციელდება, მაშინ შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებაზე 2012 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირებული პოზიცია შეცვალოს.

"როგორც მახსოვს, პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მაშინ, როცა უმრავლესობას სურდა, სწრაფად, ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე გაეტანა ეს ცვლილებები. მერე ეს პროცესი შეჩერდა და ძალიან კარგია, რომ შეჩერდა. ჩვენ დაველოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნას. ახლა საუბარია, რომ ამ დასკვნის მიხედვით რაღაც ცვლილებები შევიდეს კანონპროექტში. თუ ცვლილებები იქნება ვენეციის კომისიის დასკვნის ადეკვატური, მაშინ შესაძლოა, პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალოს", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონოზე ვეტოს დაადების თემაზე განცხადება 2012 წლის 20 დეკემბერს გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა 2012 წლის 20 დეკემბრის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იმ ფორმით დამტკიცდება, რა ფორმითაც ახლა არსებობს, ვეტოს გამოიყენებს.

"ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, უკვე ფორმალურადაც. საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მე მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში და ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ ექნებათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო არის იმ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე.