რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ქუთაისის მერიაში იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად, 2013 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ქუთაისის მერიაში იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურები განიხილეს.
ამავე შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ამ რეგიონებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მინისტრს იმ პრობლემების შესახებ წარუდგინეს ინფორმაცია, რომელთა მოგვარებასაც აღნიშნული ფონდის მეშვეობით გეგმავენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ წარდგენილი პროექტი.
"დღევანდელი შეხვედრით სამინისტრომ აღნიშნულ ფონდთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა ინფორმირების პროცესი დაასრულა. მინისტრი და მისი მოადგილე ქვეყნის ათივე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. პროექტების მიღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია. მათი მიღება 11 მარტს, 16:00 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც სამთავრობო კომისია შემოსული საპროექტო წინადადებების განხილვას დაიწყებს", _ აცხადებენ სამინისტროში.
2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი. განსაზღვრულია საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც - ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს.