რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილემ შოთა მურღულიამ ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშოები დაათვალიერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისის 17.3 კმ-იანი შემოვლითი გზა ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის - იმერეთის 59 კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან იწყება, გაივლის ქალაქ ქუთაისს და სამტრედიასთან დასრულდება.
ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი სრულიად ახალი, 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. საგზაო მონაკვეთებზე დაიგება ცემენტ-ბეტონის, ხოლო ხიდებსა და საგზაო კვანძებზე ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდ.რიონსა და მდ.ჭიშურაზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია 10 ხიდის მშენებლობა, საიდანაც ერთ-ერთის სიგრძე 810 მეტრი იქნება. ასევე, პარალელურად, დაიწყო ქუთაისი-გეგუთის გზაგამტარის მშენებლობაც. ამ დროისათვის, დასრულებულია 4 წყალგამტარი მილის მოწყობა, ხოლო 4 მილზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება იაპონიისა (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით) და საქართველოს მთავრობების მიერ.