აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა პრობლემების შესახებ "ევროპის სახლში" "თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზი მხატვრების ნახატების, რომლებიც მინისტრებმა დაათვალიერეს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ალასანიამ განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ მთავრობამ მოისმინოს აფხაზეთიდან დევნილების აზრი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ.
"წლების მანძილზე აფხაზების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. მათთან დაიალოგი აუცილებელია და გარდაუვალია კონფლიქტის დარეგულირების სფეროში. აფხაზების ბედზე საუბარი უნდა მოხდეს მათი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრა მნიშვნელოვანია. კონფლიქტის დარეგულირების გზები სწორედ ჩვენი აფხაზი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით უნდა დაისახოს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლებს ხელისუფლების გეგმაც გაეცნობათ, რომელიც კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ამ ეტაპზე არსებობს.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებს საქართველოს მთავრობა კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა პრობლემების მიმართულებით. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით შედგა დღევანდელი შეხვედრა, რაც დასაწყისია მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობის.